იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან.
„იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები და აღნიშნა, რომ ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას და მიზანშეწონილიცაა, რომ ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, რადგან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების დაცვა. კონკრეტულ შემთხვევაში აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც მიმართულია სხვისი შეურაცხყოფისკენ, დამცირებასა და აგრესიის გამოხატვისკენ, უნდა იყოს შეზღუდული. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“, – აღნიშნა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.
საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.
