საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ პირადად თქვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილში.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მილოცვაში აღნიშნავს, მზად არის, იმუშაოს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი პროგრესის მისაღწევად.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა დაჩქარდა, ხოლო კოორდინაცია საერთაშორისო საკითხებზე უფრო ეფექტიანი გახდა. მზად ვარ, ვიმუშაო თქვენთან ერთად ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი პროგრესის მისაღწევად.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
