გაეროს წევრი 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებასა და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარებს გმობს. განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრეი მელნიკმა საგანგებო პრესკონფერენციაზე წაიკითხა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. განცხადების ხელმომწერები ასევე მოითხოვენ რუსეთის მიერ უკრაინიდან სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გაყვანას.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და უზრუნველყოს მთელი თავისი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
