იაპონიაში 20 წლის პოლიციელმა ცრუ შეტყობინება გააკეთა იმ ბარის დანაღმვის შესახებ, სადაც კოლეგებთან ერთად მისი გამოსამშვიდობებელი წვეულება უნდა გამართულიყო. კაცს უბრალოდ წვეულებაზე წასვლა არ სურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოსამშვიდობებელი წვეულების წინა დღეს, ქალაქ საგას ყოფილმა პატრულმა დაწესებულებაში დარეკა და თანამშრომლებს უთხრა: „შესასვლელთან შეხედეთ“. ბარის შესასვლელთან მას წინასწარ ჰქონდა დატოვებული წარწერა ტექსტით: „მე ბომბი დავდე“.
ბარის თანამშრომლები პოლიციას დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ტერიტორია შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ იქ საეჭვო არაფერი იყო. მოგვიანებით პოლიციამ სამართალდამრღვევი გამოავლინა. „სამსახურში გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე წასვლა არ მინდოდა“, – აღიარა კაცმა დაკითხვისას.
სამსახურში მას საყვედური გამოუცხადეს, რის შემდეგაც პატრულმა განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და სამსახურიდან წავიდა.
