აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში ქიმიური ავზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
ინციდენტი ვაშინგტონის შტატის ქალაქ ლონგვიუში მდებარე ქაღალდის ქარხანაში ადგილობრივი დროით 07:15 საათზე მოხდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, 3.4 მილიონ ლიტრიანი ქიმიური ავზი დაახლოებით 60 პროცენტით იყო სავსე და შეიცავდა ძლიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ქაღალდის წარმოების პროცესში ხის მასალის დაშლისთვის.
შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეც. დაშავებულებს აღენიშნებათ დამწვრობები და ტოქსიკური ნივთიერების შესუნთქვით გამოწვეული დაზიანებები.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ავზი კვლავ არასტაბილურ მდგომარეობაში რჩება, რაც სამაშველო ჯგუფებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.
ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.
Nippon Dynawave Packaging-ის ქარხანაში დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობს. საწარმო ამზადებს მასალებს ხელსახოცებისთვის, საბეჭდი ქაღალდისთვის, ჭიქებისთვის, თეფშებისთვის, მუყაოს შეფუთვებისა და სხვა პროდუქციისთვის.
