რუსეთმა სომხეთიდან ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამისა და ყურძნის იმპორტი შეზღუდა.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში – „როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ სომხეთიდან რუსეთში კურკოვან ხილზე იმპორტის შეზღუდვა 2 ივნისიდან დაწესდება.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან რუსეთში ხილის მიწოდებისას დარღვევების გაზრდილი შემთხვევები დააფიქსირა. როგორც ცნობილია, ასევე შეიღზუდება აღნიშნული პროდუქტების რუსეთის გავლით ტრანზიტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში.
პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სომხეთიდან ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქციის შეტანა აკრძალა. მაისის ბოლოს „როსსელხოზნადზორმა“ ეტაპობრივად აკრძალა სომხეთიდან რიგი პროდუქციის იმპორტი, მათ შორის ყვავილების, მინერალური წყლის, „ჯერმუკის“, ბოსტნეულის, მწვანილისა და მარწყვის.
