საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება.
შეხვედრის დაწყებამდე მშობლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება.
„შევდივართ ძალიან დიდი იმედით და ასევე პასუხისმგებლობით. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შეხვედრა აუცილებლად იქნება ნაყოფიერი, შედეგიანი და გადაწყდება რეალური ხელმისაწვდომობა ყველა ინოვაციურ მედიკამენტზე, რაც აპრობირებულია ევროპაში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი შვილებისთვისაც. ვიცით, რომ მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს, პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველაზე დიდი რესურსი ჩვენი შვილების შემთხვევაში არის დრო. ამიტომ, თითოეული დაგვიანებული, გადადებული დღე ნიშნავს დაავადების პროგრესირების სიახლოვეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ეკა სურმავამ.
ამასთან, როგორც ერთ-ერთმა მშობელმა, კახა წიქარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, შეხვედრის დასრულების შემდეგ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რამდენად შეესაბამება შეხვედრის შედეგები მათ მოლოდინს.
„ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის და იმედი გაქვს, რომ ხელისუფლებაც არის მზად და აქვთ კონკრეტული შემოთავაზებები კონკრეტულ წამლებთან და ვადებთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედებით ვართ განწყობილი. გამოსვლის შემდეგ მშობლები ერთობლივად დავილაპარაკებთ და ვეტყვით საზოგადოებას, რამდენად შეესაბამება შეხვედრის შედეგები ჩვენს მოლოდინს“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
