საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა.
სებ-ის პრეზიდენტი ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.
BSCEE-ის თავმჯდომარის პოზიციას ნათია თურნავა ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალ წელს BSCEE-ის 39-ე ყოველწლიურ კონფერენციას მესამედ უმასპინძლებს, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე მეტყველებს.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.
საქართველოს ეროვნული ბანკი BSCEE-ში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ჯგუფი აერთიანებს 24 ქვეყნის – ავსტრიის, ჩეხეთის, ხორვატიის, თურქეთის, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების – 25 საბანკო ზედამხედველობის ორგანოს.
BSCEE-ის წესების თანახმად, თავმჯდომარე ქვეყანა წევრი სახელმწიფოებიდან ყოველწლიურად როტაციის პრინციპით აირჩევა. საქართველო ამ პოზიციას ორჯერ – 2018 და 2022 წლებში იკავებდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
