ივნისის პირველ კვირა დღეს სომეხი ხალხი ახალ პარლამენტს აირჩევს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც ბოლო დროს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღო, ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მის ოპონენტებს შორის არიან, მაგალითად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც „ყარაბაღის კონფლიქტის კონსტრუქციული გზით მოგვარება ვერ შეძლო“, აგრეთვე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან („ფეესბე“) კავშირში მყოფი სომხურ-რუსული წარმოშობის მაგნატი. „წინა არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ, რომ ფაშინიანის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ამომრჩევლებმაც კი ბოლოს მაინც მას მისცეს ხმა, რადგან ნებისმიერი ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, მათთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო“, – ამბობს პოლიტიკური გეოგრაფი ვინცენტ კოპეჩეკი.
მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გასულ წელს ერევანსა და ბაქოს შორის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გარკვეულწილად ჩაცხრა, ეს საკითხი საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაინც აქტუალურია.
„ოპოზიციური პარტიები ჯერ ამბობენ, რომ ისინი მშვიდობის წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ შემდეგ დასძენენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამშვიდობო პროცესის გადახედვას დაიწყებენ. მინდა პირდაპირ და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვა, რომ ეს ნიშნავს ომს სომხეთისთვის სავალალო შედეგებით. ამაში იგულისხმება არ მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგები, არამედ სუვერენიტეტის დაკარგვაც“,- განაცხადა მარტში სომხეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ანკლავი მეტწილად ეთნიკური სომხების მიერ კონტროლდებოდა. თუმცა, 2023 წელს აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ელვისებური შეტევა განახორციელა. რუსეთის შუამავლობით გაფორმდა ახალი ზავი, რომელიც აზერბაიჯანისთვის იყო ხელსაყრელი. ამასთან, 120 000 ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა, მთიან ყარაბაღში საკუთარი საცხოვრებელი მიეტოვებინა.
ფაქტები: მთიანი ყარაბაღის ომი
1990-იანი წლების დასაწყისში, მთიანი ყარაბაღი, რომელიც მაშინ, ძირითადად, სომხებით იყო დასახლებული, ერევნის მხარდაჭერით, აზერბაიჯანს გამოეყო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული არცახის რესპუბლიკა გახდა. მთიანი ყარაბაღის პირველი ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.
მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილის დაბრუნება აზერბაიჯანმა 2020 წლის მეორე ომის შემდეგ შეძლო. მომდევნო წლებში კონფლიქტი უფრო მცირე მასშტაბით გრძელდებოდა, ხოლო 2023 წლის კიდევ ერთი წარმატებული შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანმა მთელი რეგიონი თავის კონტროლს დაუქვემდებარა.
გასული წლის აგვისტოში, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც მათ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება აიღეს. „როიტერის“ ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ერევანმა და ბაქომ გადადგეს ნაბიჯები თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმებისთვის მათ ჯერ კიდევ არ მოუწერიათ ხელი. თავის მხრივ, ჟურნალი Foreign Policy-ი (FP) აღნიშნავს, რომ შეთანხმება აზერბაიჯანს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, შეუზღუდავ სავაჭრო შესაძლებლობებს მისცემს. სომხეთში კი ეს დათმობა მიიჩნევა, როგორც აზერბაიჯანის სამხედრო წარმატებებისთვის გაცემული ჯილდო.
ფაშინიანის კონკურენტები
„ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ათასობით გმირის სიკვდილსა და არცახის (მთიანი ყარაბაღის) ჩაბარებაზე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ “, – განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა. ის მხოლოდ კრიტიკით არ შემოფარგლება; მარტში ქოჩარიანმა თავისი კანდიდატურა ბლოკ „სომხეთის ალიანსის“ სახელით წარადგინა.
ოსტრავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სოციალური გეოგრაფიისა და რეგიონული განვითარების კათედრის პოლიტიკური გეოგრაფი, ვინცენც კოპეჩეკი აზუსტებს, რომ სწორედ ქოჩარიანს, რომელიც 1998-დან 2008 წლამდე სომხეთის სახელმწიფოს მეთაური იყო, მიუძღვის მნიშვნელოვანი წილი იმაში, რომ ქვეყანამ ყარაბაღის კონფლიქტის კონსტრუქციულად გადაჭრა ვერ შეძლო და რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდა.
ქოჩარიანი ამტკიცებს, რომ მისი ბლოკი „აზერბაიჯანთან მშვიდობას უჭერს მხარს“, მაგრამ ასევე ამბობს, რომ ეს „უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს“.
არჩევნებში ფაშინიანს კონკურენციას ასევე გაუწევს სომხურ-რუსული წარმოშობის მილიარდერი, სამველ კარაპეტიანიც, რომელიც ქვეყნის წამყვან ენერგეტიკულ კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებს“ ფლობს.
კარაპეტიანი გასულ წელს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. გასული წლის ივნისის ბოლოს, რამდენიმე სასულიერო პირი, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, დააპატიმრეს. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები ღიად გამოდიოდნენ „ფაშინიანის რეჟიმის შეცვლის“ მოწოდებით და უსაფრთხოების ძალებმა გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს. სწორედ პატიმრობაში ყოფნისას დააარსა კარაპეტიანმა თავისი პარტია „ძლიერი სომხეთი“.
„ფაშინიანის ამომრჩევლებმა ეკლესიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოიწონეს. არჩევნების შემდეგ მთავარი კითხვა იქნება ის, ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში სომხურ სამოციქულო ეკლესიში განახლების პროცესი დაიწყება თუ ეკლესია პრორუსულ კონსერვატიულ დასაყრდენად იქცევა“, – აღნიშნა კოპეჩეკმა.
ფაშინიანის მკაცრი ზომები ოპონენტების წინააღმდეგ
FP აღნიშნავს, რომ თავისი პარტიის მარცხის თავიდან ასაცილებლად, ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს და „ავტოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ტაქტიკას“ მიმართავს – მისი მმართველობის პერიოდში ოპოზიციის წევრები დააპატიმრეს, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები კი დააკავეს. პრემიერ-მინისტრი ასევე ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დასძენს FP და განსაკუთრებულ ყურადღებას სომხური სამოციქულო ეკლესიის საქმიანობაში მის ჩარევაზე ამახვილებს.
კავკასიურმა ვებ-გვერდმა OC Media-მ ყურადღება გაამახვილა ფაშინიანის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერევანში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და მთიანი ყარაბაღიდან დევნილ პირს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით ეს მამაკაცი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
Foreign Policy-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირი „ფაშინიანის საარჩევნო მანიპულაციებს“ დაუპირისპირდებოდა და მას დასავლური პრინციპების დარღვევად შეაფასებდა. თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ის რუსული გავლენის წინააღმდეგ იბრძვის და მის ამ განცხადებას ევროპელი ლიდერები იჯერებენ და დემოკრატიაზე ფაშინიანის თავდასხმებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის, მოქალაქეების წინაშე სომხეთის მთავრობის მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის აუცილებლობას.
ფაშინიანმა თავის ოპონენტებს, მათ შორის კარაპეტიანს, არაერთხელ უწოდა „უცხოელი აგენტები“. ამ თვეში რუსულმა დამოუკიდებელმა ვებ-გვერდმა „ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, რომელშიც ნათქვამია, რომ კარაპეტიანს რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან ჰქონდა კავშირი.
გამოძიება ეყრდნობა მონაცემთა ბაზებიდან გაჟონილ მასალებს, რომლებითაც, თითქოს დასტურდება, რომ როდესაც კარაპეტიანზე 1999 წელს რუსეთში საერთაშორისო პასპორტი გაიცა, მის სამუშაო ადგილად „ფეესბე“-ს საინფორმაციო ცენტრი იყო მითითებული.
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ამის უკან ფაშინიანი იდგა, თავად ფაშინიანმა კი „ინსაიდერის“ მასალა საკუთარ სოციალურ ქსელებში გააზიარა.
რუსეთის როლი
„ევრონიუსის“ ვებ-გვერდი ასევე იტყობინება, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთი რუსული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეა. პოლონური ტელეკომპანია TVP-ის რუსულენოვანი პროექტის, „ვოტტაკის“-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ მაისის დასაწყისისთვის სულ 343 ყალბი ვიდეო გამოქვეყნდა და ამ რუსულ ოპერაციას მათ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ „ყველაზე მასშტაბური“ უწოდეს, რომელიც მხოლოდ გასულ წელს მოლდოვის არჩევნების დროს დაფიქსირებულ კამპანიას ჩამოუვარდება.
მკვლევარების თქმით, კამპანია მარტის დასაწყისში დაიწყო და ე.წ. „მატრიოშკას“ ნაწილს წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი არის პროკრემლისტური დეზინფორმაციული ოპერაცია, რომელიც სულ უფრო მეტად იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
ყალბი ვიდეოების მთავარი ნარატივის მიხედვით, ფაშინიანის გამარჯვებამ, რომლის კამპანიაც პროევროპულ პოზიციაზეა ორიენტირებული, შესაძლოა, სომხეთსა და რუსეთს შორის ომი გამოიწვიოს.
შვედური მედიასაშუალება Blankspot-ი ასევე იტყობინებოდა რუსული დოკუმენტის მოპოვების შესახებ, რომელშიც აღწერილია სომხეთის ხელისუფლების პოპულარობის შესუსტების გეგმა. დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს პრორუსული ნარატივების გაძლიერება და იმ პრორუსულად განწყობილი პირების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც სომხეთში საზოგადოებრივ აზრზე ახდენენ გავლენას.
„როიტერის“ მიერ ციტირებული ხუთი წყაროს ინფორმაციით, რუსი მაღალჩინოსნები ბოლო თვეებში იხილავდნენ რუსეთში მცხოვრები სომხების სამშობლოში გაგზავნის საკითხს, რათა მათ ფაშინიანის ოპონენტებს მისცენ ხმა. იმავე „როიტერის“ ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ 100 000 ამომრჩევლის ტრანსპორტირების ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარად შეაფასა.
მიდის თუ არა სომხეთი ევროკავშირისკენ?
ამავდროულად, ერევანში მაისში გამართულ ევროკავშირი-სომხეთის პირველ სამიტზე ბრიუსელსა და ოფიციალურ ერევანს შორის მზარდი თანამშრომლობა დადასტურდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
„ევრონიუსის“ მტკიცებით, ფორუმი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისადმი საერთო ერთგულების ნიშნით იყო გამორჩეული. ამჟამად ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანება სავარაუდო არ არის, აღნიშნა პოლიტიკურმა გეოგრაფმა კოპეჩეკმა და დასძინა, რომ ეს უფრო მენტალური დაახლოების საკითხია. თუმცა, მისივე თქმით, სომხეთის ევროპული ორიენტაცია აშკარაა.
კოპეჩეკის აზრით, შეიძლება მოხდეს ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა, თუ პრემიერ-მინისტრის სავარძელს კარაპეტიანების ოჯახის წევრი დაიკავებს. „ეს ალბათ არ იქნება სრული შემობრუნება; მითუმეტეს – ევროკავშირთან კონსტრუქციულ, პრაგმატულ ურთიერთობებს სომხეთი ქოჩარიანის დროსაც კი ეძებდა, მაგრამ ეს ნამდვილად შეაჩერებს ევროკავშირთან ნებისმიერ პოტენციურ ინტეგრაციას ან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ენერგეტიკულ სექტორში რუსული გავლენის გაძლიერება“, – ამბობს კოპეჩეკი.
ოპოზიციაში დომინანტი ლიდერი არ არსებობს
ფაშინიანი ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა. თუმცა, Foreign Policy-ის თანახმად, მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის მომავალი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის გამოკითხვის მიხედვით, მისმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 20-დან 30 პროცენტამდე უნდა მიიღოს, ამავე გამოკითხვით, ამომრჩეველთა 30 პროცენტის პოზიცია გაურკვეველი იყო.
თუ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას, დამოუკიდებლად ან კოალიციაში, ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს, ყველაფერი მეორე ტურში გაირკვევა. FP-ი წერს, რომ ამ შემთხვევაში, ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება ძალები გააერთიანონ და ფაშინიანი დაამარცხონ. გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანის პარტიის ყველაზე ძლიერი კონკურენტი კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთია“.
როგორც FP-ი აღნიშნავს, „ძლიერი სომხეთი“ კრემლთან კავშირების განმტკიცებას ცდილობს, ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მნიშვნელოვან როლს სომხეთის ეკონომიკაში და ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ სამხედრო ურთიერთობებს. ვებგვერდის ცნობით, მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსიც“ ეძებს.
კოპეჩეკი ოპოზიციის თვალსაჩინო ფიგურებს შორის კარაპეტიანის ნათესავ ნარეკსაც ასახელებს. ხოლო ოლიგარქი და ყოფილი მოკრივე გაგიკ წარუკიანი, რომელიც პარტია „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენელია, დიდი ხანია, „სომხურ პოლიტიკაში პოპულისტური ფიგურად“ მიიჩნევა.
„ერთი დომინანტი ლიდერი არ არსებობს. თუმცა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ეს სამეული (კარაპეტიანი, ქოჩარიანი და წარუკიანი) გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლას, ალბათ, მოახერხებს“, – მიიჩნევს კოპეჩეკი.
„ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ფაშინიანისკენ იხრებიან, რომელიც, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს. მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად, რადგან პროევროპული ოპოზიცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტში მოხვდეს. საკანონმდებლო ორგანოში, შესაძლოა, ვერც რობერტ ქოჩარიანის პარტია შევიდეს, რაც გზას გაუხსნის ფაშინიანის ხელმძღვანელობით ერთპარტიული პროევროპული მთავრობის ფორმირებას“, – განაგრძობს კოპეჩეკი.
„თუმცა, წინა არჩევნებზე ვნახეთ, რომ ჩამოუყალიბებელმა ამომრჩევლებმა – ფაშინიანის მიმართ კრიტიკულად განწყობილებმაც კი – საბოლოოდ მაინც მას მისცეს ხმა, რადგან ნებისმიერი სხვა ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, მათთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო. ეს შეიძლება ახლაც განმეორდეს. ასევე შემიძლია წარმოვიდგინო უმცირესობის მთავრობა, რომელსაც პრაგმატული წარუკიანი შეეგუება, მაგრამ ასეთი მთავრობა, ალბათ, დიდხანს ვერ გაძლებს“, – დასძინა მან.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/volby-v-armenii-mohou-zemi-odklonit-od-smerovani-do-eu-373727
