ყველამ მკაფიოდ მოვისმინეთ შეხვედრაზე და ვნახეთ აშშ-ის საელჩოს საჯარო განცხადებაც, რომ პოლიტიკური მონაწილეობა და წარმომადგენლობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, პარტნიორებისგან იყო არა საყვედური ბოიკოტთან დაკავშირებით, არამედ რჩევა, რა არის უკეთესი.
„ვფიქრობ, ინგლისურის ცოდნა არ არის საჭირო, რომ მათ შორის ქართული ტექსტიდან გამოიტანო ადეკვატური და სწორი შინაარსი. როდესაც წერია, ვციტირებ: „ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც ხმა მისცეს. საგარეო შეხვედრები არ ხდება იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეს უსაყვედუროს, ჭკუა ასწავლოს, დატუქსოს. ჩვენ არასდროს არ ვართ მზად, მსგავსი ტიპის ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა. ახლაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები გვირჩევენ, მათი აზრით, რა არის უმჯობესი“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
გრიგოლ გეგელიას თქმით, არ აინტერესებს, რას განაცხადებს ნიკა გვარამია.
„მე ის უფრო მაინტერესებს, რას განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. არ მაინტერესებს, რას ამბობს გვარამია. აშშ-ის განცხადება რეალურად არანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას არ ტოვებს. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საუბრისას ერთი მესიჯი ჰქონდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი როცა მანიპულირებს, რომ გრიგოლ გეგელია სხვა ამერიკელებს შეხვდა, საკითხავია, ვინ ვის შეხვდა და რა წარმატებით გაიგეს ან ქართულად ან ინგლისურად ამერიკის გზავნილები, რადგან შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საუბრისას ერთი და იგივე იყო“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
