პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის, თურქეთში ვიზიტსა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ეხმიანება.
მისი თქმით, თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, ჩნდება კითხვა – რატომ არ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები თბილისს?
ქართველიშვილი აღნიშნულ კითხვას საკუთარ პოსტშივე პასუხობს.
„მხოლოდ მშრალი, უემოციო ფაქტების თვალსაზრისით, უკანასკნელი რეგიონული სურათი საკმაოდ საინტერესოა. მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ აზიაში ვიზიტიდან ბრუნდებოდა პრაქტიკული შეთანხმებების პაკეტებით, სატრანზიტო თანამშრომლობის, საბაჟო პროცედურების გაციფრების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ მიღწეული კონკრეტული შედეგებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი, თურქეთში ვიზიტს ძირითადად უკვე არაერთხელ მოსმენილი „ბლა-ბლა-ბლა“ თემების განხილვითა და განცხადებების გაცვლით ასრულებდა. ბევრი ითქვა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე და გეოპოლიტიკაზე, თუმცა არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც კონკრეტულ შედეგად შეიძლება შეფასდეს.
არანაკლებ საყურადღებო იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტიც. ერევანში გაჟღერდა ფინანსური დახმარების ახალი პაკეტები და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების დაპირებები – „ღია კარებში“ დგომის მორიგი ნომინანტის საპატიო წოდების თვალსაზრისით. ბაქოში კვლავ განიხილეს გაზის მიწოდება, სატრანსპორტო დერეფნები და თანამშრომლობის პერსპექტივები, ოღონდ მორიგ ჯერზე – ამ სამარშრუტო რუკაზე საქართველოს ჯიუტი იგნორირებით. თუმცა, თუ ხმაურიან სათაურებს მოვაშორებთ და საბოლოო შედეგებს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ აქაც რევოლუციური გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული. საქმე უფრო უკვე არსებული პროცესების დადასტურებას ეხებოდა, ვიდრე სრულიად ახალი პროექტების დაწყებას.
ამ ფონზე ჩნდება საკმაოდ არასასიამოვნო კითხვა: თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, თუ მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, თუ ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, მაშინ რატომ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეზობელ დედაქალაქებს, ხოლო თბილისს გვერდს უვლიან?
ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან: სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება. ეს მიდგომა სულ უფრო გვაგონებს რუსეთის დამოკიდებულებას მავზოლეუმის მიმართ: სანამ ლენინს არ მარხავენ, მანამდე ის ცოცხალია. ანალოგიური მიდგომა აქვს კოლექტიურ „ურსულა/კალასებს“ ჩვენი რადიკალების მიმართ: არ ვასაფლავებთ, ესე იგი „жили, живы и будут жить“, – წერს დავით ქართველიშვილი.
