საფრანგეთში, ქურდები „ლალიკის“ მუზეუმში შეიჭრნენ და 20-მდე ექსპონატი წაიღეს, რომელთა საერთო ღირებულებაც, შესაძლოა, ოთხ მილიონ ევროს აღწევდეს.
ბოროტმოქმედები ქვემო რეინის დეპარტამენტის კომუნა ვინჟენ-სიურ-მოდერში მდებარე მუზეუმში 5 ივლისს, საღამოს შევიდნენ, – წერს Le Parisien-ი გამოძიების მიმდინარეობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მძარცველებმა კარი შეამტვრიეს, ექვსი ვიტრინა ჩაამსხვრიეს, ექსპონატები აიღეს და მუზეუმი შეუფერხებლად დატოვეს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მუზეუმი აღჭურვილი იყო სიგნალიზაციით, რომელმაც იმუშავა, თუმცა, მომხდარის შესახებ ჟანდარმერიას პირველად არა მუზეუმის დაცვაზე პასუხისმგებელმა უსაფრთხოების კომპანიამ, არამედ დამლაგებელმა შეატყობინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ასე.
მუზეუმი დროებით დაიხურა, რათა უსაფრთხოების სისტემები ხელახლა შემოწმდეს და ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ისინი ექსპონატების დაცვას უზრუნველყოფენ.
Le Parisien ხაზს უსვამს, რომ ქურდებმა წაიღეს მინის ნივთები, რომელთა გადადნობაც, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობებისგან განსხვავებით, შეუძლებელია.
2025 წლის ოქტომბერში ლუვრის გაძარცვის შემდეგ (რომელიც დღემდე არ არის გახსნილი და მოპარული ექსპონატებიც არ უპოვიათ), ვინჟენ-სიურ-მოდერის მუზეუმი „განსაკუთრებული ყურადღების ზონაში“ იმყოფებოდა, – აცხადებენ გამოცემის წყაროები. მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, მუზეუმის დაცვის სისტემები ექსპონატების გადასარჩენად არასაკმარისი აღმოჩნდა.
„ლალიკის“ მუზეუმი რენე ლალიკისა და მისი მიმდევრების შემოქმედებას ეძღვნება. ლალიკი (1860 -1945) იუველირი და მინის მხატვარი იყო, რომელმაც არ-ნუვოსა და არ-დეკოს სტილისთვის საკულტო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები შექმნა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დამზადებულია ოპალესცენტური მინისგან, რომლის რეცეპტიც დღემდე კომპანია Lalique-ის საიდუმლოდ ითვლება.
„ლალიკის“ მუზეუმი ვინჟენ-სიურ-მოდერში 2011 წელს გაიხსნა.
