ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თაკო ჩარკვიანმა პოდკასტში „მძიმე წერტილი“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ჩარკვიანის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობა იყო ყველა ჩაკეტილი სივრციდან, მათ შორის ციხეებიდან, ინფორმაცია მიეტანა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რასაც ის არ აკეთებდა.
„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს [პრეზიდენტს] ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი. მე ობიექტურ, რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაც მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ციხის კადრებს, ჩარკვიანმა დადებითად უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე ბოკერიამ გამოიტანა თუ არა ციხის კადრები, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის მას ვერ დააბრალებს კადრების გამოტანას, მაგრამ აღნიშნა, რომ ბოკერია იყო ის პირი, რომელსაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე.
„არა, მე ამის თქმა არ მინდა. როდესაც არ ვიცი, ვერ დავაბრალებ. მე ვამბობ, რომ ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე. ხომ არ შეიძლება პროკურატურის 60 000 ქეისი იცოდეს ერთმა პრეზიდენტმა?!“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
