ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Economist Intelligence Unit მსოფლიოს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი წარადგინა. CNN-ის ინფორმაციით, პირველი ადგილი ზედიზედ მეორე წელია დანიის დედაქალაქმა – კოპენჰაგენმა დაიკავა.
კოპენჰაგენმა პირველი ადგილი სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის მაღალი მაჩვენებლების, ასევე სახელმწიფო სერვისების მაღალი ხარისხის წყალობით დაიკავა. მეორე ადგილზე, ისევე როგორც გასულ წელს, ვენა (ავსტრია) აღმოჩნდა. შარშან ის ამ პოზიციას იყოფდა ციურიხთან (შვეიცარია), რომელმაც წელს სამი პოზიციით ქვემოთ დაიწია.
ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ: მელბურნი (ავსტრალია), სიდნეი (ავსტრალია), ჟენევა (შვეიცარია), ოსაკა (იაპონია), ადელაიდა (ავსტრალია), ვანკუვერი (კანადა) და ტოკიო (იაპონია). ირანში მიმდინარე ომის გამო რეიტინგში რამდენიმე ქალაქი ჩამოქვეითდა, კერძოდ: ქუვეითი, მასკატი და თეირანი.
რეიტინგს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვისა და ქალაქების ინფრასტრუქტურის მონაცემებზე დაყრდნობით ადგენენ. ანალიტიკოსები აფასებენ იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანი შეიძლება იქ წააწყდეს.
EIU-ში აღნიშნეს, რომ მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის საშუალო მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დონის კლება აზიაში ჯანდაცვის გაუმჯობესებით კომპენსირდა.
