უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზებსა და საპორტო ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანეს.
გავრცელებული ცნობებით, სამიზნე ქალაქ აზოვში მდებარე ნავთობბაზები და ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა იყო, ხოლო ტაგანროგში – საპორტო ნავთობტერმინალი.
რუსული მხარე ადასტურებს, რომ ღამით როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, აზოვში თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების შემნახავ ორ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან, ადგილზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
სლიუსარის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა დილის საათებშიც გაგრძელდა. მისი განცხადებით, ტაგანროგში, აზოვში, ასევე აზოვისა და მატვეევო-კურგანის რაიონებში 35-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ამასთან, ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას თქმით, თავდასხმის შემდეგ მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონებსა და აზოვის ზღვაზე 376 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
