ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საბერძნეთზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
როგორც მედია წერს, საბერძნეთი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან, რომლებიც მას უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, კერძოდ კი „პეტრიოტის“ სისტემებისთვის PAC-2 ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდებენ.
წყაროების ინფორმაციით, უკრაინამ საბერძნეთს მიმართა თხოვნით, გადასცეს 200-მდე PAC-2 ტიპის რაკეტა, რომლებიც საბერძნეთის საჰაერო ძალების „პეტრიოტის“ სისტემების შეიარაღებაშია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინული მხარე მიიჩნევს, თითქოს ამ რაკეტების ნაწილი, რომლებიც საბერძნეთის საჰაერო ძალებში უკვე 23 წელია, გამოიყენება, ექსპლუატაციის ვადა შესაძლოა, მალე გაუვიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევდა, თითქოს საბერძნეთს შეეძლო Patriot-ის სისტემების ნაწილის გადაცემა, უკრაინის ამჟამინდელი მოთხოვნა თავად სისტემებს კი არა, არამედ რაკეტების მარაგს ეხება.
როგორც მედია წერს, ნებისმიერი გადაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ეს რაკეტები კვლავ გამოსაყენებლად ვარგისია, თუმცა საბერძნეთის თავდაცვისთვის აუცილებელი აღარ არის.
გამოცემის ცნობით, განხილული ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს, რომ საბერძნეთი ამ რაკეტებს ნორვეგიას მიჰყიდის, ხოლო ნორვეგია შემდეგ მათ უკრაინას გადასცემს.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ათენს ამ დრომდე არ გამოუხატავს რაიმე ნიშანი, რომ ამ წინადადებას დადებითად უპასუხებს.
საბერძნეთში აღნიშნეს, რომ უკრაინას უკვე გადასცა Sea Sparrow-ისა და Crotale-ის რაკეტები, მას შემდეგ, რაც ამ სისტემების ექსპლუატაციის ვადა საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში ამოიწურა.
