გერმანიის ბავარიის მიწაში, საჯარო ღონისძიების დროს, კაცმა მხარის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერს პომიდორი ესროლა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს.
გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტი ბერნაუ-ამ-ქიმზეეს თემში მოხდა, სადაც ზიოდერი დასახლებული პუნქტის 1100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სტუმარი იყო და სადღესასწაულო სიტყვით უნდა გამოსულიყო.
თვითმხილველების თქმით, კაცი მოულოდნელად გამოხტა ბუჩქებიდან და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელს პომიდორი ესროლა. ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ ის პატიმრობაში აიყვანა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის 31 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. ზიოდერი კი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა და მცირე შეყოვნების მიუხედავად, სიტყვითაც გამოვიდა.
