რუსეთი, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ აღწევს, გამარჯვების ალტერნატიულ გზას ეძებს და ამჟამად ბალტიის რეგიონსა და პოლონეთს მომდევნო ყველაზე სავარაუდო სამიზნეებად განიხილავს, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა.
მისი განცხადებით, უკრაინაში ომი ისე არ ვითარდება, როგორც რუსეთი გეგმავდა და აფეთქებების ხმა უკვე თავად რუსეთშიც ისმის და ქვეყანაში საწვავის დეფიციტიც შეინიშნება. კაუნასის თქმით, რუსული საზოგადოება უკვე ეჭვქვეშ აყენებს კრემლის რეჟიმს და კითხულობს, რატომ ხდება ეს ყველაფერი და სად არის დაპირებული გამარჯვება?
„კრემლს, პუტინს ახალი ესკალაცია და რაიმე ახალი გამარჯვება სჭირდებათ. ამ შემთხვევაში კი უახლოესი სამიზნეები ბალტიის რეგიონი და პოლონეთია“, – განაცხადა კაუნასმა.
ამავე დროს ლიეტუვის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რაიმუნდას ვაიკშნორასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ჩვეულებრივი სამხედრო აგრესიის აშკარა საფრთხე არ არსებობს, თუმცა სამხედრო საშუალებების გამოყენებით პროვოკაციების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.
