ირანის საგარეო უწყების ცნობით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლების მეშვეობით დიპლომატიური კომუნიკაცია გრძელდება. მიუხედავად ამერიკის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშებისა და სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ირანის თავდასხმებისა, დიპლომატიური პროცესის მიმდინარეობის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ გააკეთა. მისივე განმარტებით, ირანი მედიატორებთან თანამშრომლობს, თუმცა მზად არის ყველა ზომა მიიღოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
„ჩვენ მივიღეთ წინადადებები შუამავლების მეშვეობით, თუმცა ამ ეტაპზე მათ დეტალებს არ განვიხილავთ. სანამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ და გადამწყვეტად პასუხობენ ამერიკულ აგრესიას, დიპლომატიამ სრულად იცის თავისი მოვალეობები და ძალისხმევას არ იშურებს მათ შესასრულებლად“, – განაცხადა მან.
ბაღაიმ დასძინა, რომ ირანელი დიპლომატები „არ მიატოვებენ თავიანთ მოვალეობას“, ისევე როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალები „არ უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობას სამშობლოს დასაცავად“.
