აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან ზოგიერთი საქონლის იმპორტზე დამატებითი 50%-იანი ტარიფები დააწესა.
თეთრი სახლის ცნობით, ტარიფები არ გავრცელდება ენერგომატარებლებზე, კალიუმიან სასუქებზე, თევზსა და იშვიათ ლითონებზე, ასევე იმ საქონელზე, რომელზეც აშშ-ის ტარიფები უკვე მოქმედებს.
როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ტარიფები კანადური იმპორტის დიდ ნაწილზე დაწესდება. Reuters-ი წერს, რომ საუბარია თითქმის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ პროდუქციაზე.
გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკული პროდუქციის მიმართ კანადის „დისკრიმინაციული დამოკიდებულების“ საპასუხოდ. ტრამპმა მიუთითა 1930 წლის „სატარიფო კანონზე“, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, უცხოური პროდუქცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაბეგროს.
დონალდ ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, 2025 წელს გამოაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს 180 სახელმწიფოსა და ტერიტორიის მიმართ დააწესებდა. კერძოდ, კანადის ზოგიერთ პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფები მოქმედებდა. შემდეგ ისინი 35%-მდე გაზარდეს, ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად.
2026 წლის თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები ტარიფების დასაწესებლად არასაკმარისად ცნო და დაადგინა, რომ ტრამპმა კანონი დაარღვია. ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „სირცხვილი“ უწოდა და მთელ იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესების შესახებ 1974 წლის „ვაჭრობის შესახებ კანონის“ საფუძველზე გამოაცხადა.
