უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაყენებულმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.
„დღეს ვტოვებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას. სანამ სარდლობას ჩემს მემკვიდრეს გადავაბარებ, მსურს რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ყველა ოფიცრისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დიდი ომის დროს არმიას ჩაუდგეს სათავეში. ამ ომის თვითმხილველი 2014 წლის პირველი დღიდან ვარ, ფრონტით ვცხოვრობდი და ვიცი უკრაინული მიწის თითოეული გათავისუფლებული კილომეტრის ფასი. 2022 წლის თებერვალ-მარტში პატივი მხვდა წილად, მეხელმძღვანელა კიევის თავდაცვისთვის და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დედაქალაქმა გაუძლო მტრის შეტევას. იმავე გაზაფხულზე მოიხსნა ხარკოვის სრული ბლოკადის საფრთხეც“, – წერს სირსკი.
მისი განცხადებით, მან 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა ჩაიბარა. მაშინ უკრაინელი სამხედროები ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
„2024 წლის თებერვალში არმიის სარდლობა ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავიბარე. მიმდინარეობდა ავდიივკის თავდაცვა, ჩვენი ქვედანაყოფები ნახევრად ალყაში იმყოფებოდნენ. მთავარსარდლის თანამდებობაზე გაცემული ჩემი ერთ-ერთი პირველი ბრძანება ქალაქიდან ორგანიზებული გასვლის შესახებ იყო. ეს რთული გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყო“, – აღნიშნა მან.
როგორც სირსკი წერს, ის თავის მემკვიდრეს უტოვებს არმიას, რომელსაც უკრაინული მიწების გათავისუფლება შეუძლია.
„მიმდინარე წელს ჩემი ხელმძღვანელობით გათავისუფლდა ჩვენი მიწის 743 კვადრატული კილომეტრი. არმია, რომელიც ორი წლის წინ მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდა, დღეს უკვე შეტევაზეა გადასული. ჩემს მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვას ინარჩუნებს, არამედ შეტევით მოქმედებებსაც ახორციელებს – ინიციატივით, გამართული სტრუქტურითა და ადამიანებით, რომლებმაც იციან, როგორ დაამარცხონ მტერი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს შეტევა გაგრძელდება. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“, – დაწერა სირსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სირსკის ადგილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე მიხაილო დრაპატი დაიკავებს.
