ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში მდებარე შენობა, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილებად გადაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ავსტრიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება ნეონაცისტურ ჯგუფებს აღარ მისცემს საშუალებას, ჰიტლერის დაბადების ადგილი საკულტო ობიექტად აქციონ.
ავსტრია-გერმანიის საზღვართან მდებარე სახლის ბედზე დისკუსია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შენობა კერძო საკუთრებაში იყო და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქველმოქმედო ორგანიზაცია იყენებდა. ავსტრიის მთავრობამ იგი 2017 წელს იძულებითი გამოსყიდვის გზით შეიძინა, ხოლო 2019 წელს გამოაცხადა, რომ ნაგებობას რეკონსტრუქციას ჩაუტარებდა და პოლიციის განყოფილებად გადააკეთებდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე შენობის ისტორიული კონტექსტის ერთადერთი აღნიშვნა მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან ჩამოტანილი მემორიალური ქვა იყო წარწერით: „აღარასდროს ფაშიზმი“.
მედიის ცნობით, ეს ქვა ადგილზე დარჩება, შენობის განახლებულ თეთრ ფასადზე კი მხოლოდ ერთი ახალი წარწერა გაჩნდება – „პოლიცია“.
„ჩვენი მიზანი იყო, შენობას ადოლფ ჰიტლერთან ყოველგვარი ასოციაცია ჩამოშორებოდა და ეს ადგილი მისტიციზმისგან დაცლილიყო“, – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შტეფან მლცოხმა.
