აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის დაცვის ჯგუფში მყოფი საიდუმლო სამსახურის აგენტი შიდა გამოძიების ფარგლებში შემოწმებას გადის და ადმინისტრაციულ შვებულებაშია გაშვებული. ამის მიზეზი გახდა ეჭვი, რომ მან, შესაძლოა, გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული იყო ერთ-ერთ საინფორმაციო სტატიაში და რომელიც ვენსის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დეტალებს შეიცავდა. ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა გამოავლინეს ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, ვენსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა. ირკვევა, რომ შემოწმებას საიდუმლო სამსახურის შიდა საქმეთა განყოფილება ატარებს.
ამ ეტაპზე უცნობია, შესაძლებელია თუ არა ამას მოჰყვეს რამე სახის ადმინისტრაციული სასჯელი ან სისხლის სამართლის ბრალდებები. არსებობს ეჭვი, რომ ეს თანამშრომელი იყო MS NOW-ს წყარო, სადაც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო ვენსის დაცვის ჯგუფში მყოფ აგენტებზე, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იმ სავარაუდო დამატებითი დატვირთვით, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის მოგზაურობის პირადმა განრიგმა დაცვის გუნდს შეუქმნა.
სტატიის მომზადებისას MS NOW-მა ასევე აღწერა ვენსის დაგეგმილი გადაადგილების დეტალები, მათ შორის ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ის, შვილთან ერთად, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტმფრენით უნდა გაფრენილიყო გოლფის გაკვეთილზე. თუმცა ეს გეგმები მოგვიანებით გაუქმდა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამ სტატიამ საიდუმლო სამსახურის, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თეთრი სახლის ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო. ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ პრესაში ოპერაციული ხასიათის დეტალები იყო აღწერილი.
„სიენენის“ ცნობით, ეს მოვლენა იმ ფონზე ვითარდება, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პრესაში ინფორმაციის უნებართვო გაჟონვის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების პირობას დებს. მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში „ნიუ იორკ თაიმსის“ ოთხმა რეპორტიორმა მიიღო უწყება ფედერალური დიდი ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენების მისაცემად. ეს უკავშირდება გამოძიებას მათივე რეპორტაჟების შესახებ, რომლებიც ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კატარის მიერ ნაჩუქარი ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის უსაფრთხოების მახასიათებლებს.
