გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებების პირველი ეტაპი წარადგინა. კანცლერი იმედოვნებს, რომ კაბინეტის გადახალისება მისი და მმართველი კოალიციის რეკორდულად დაბალი რეიტინგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, წერს POLITICO.
გამოცემის ცნობით, საკადრო ცვლილებები იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც მერცისა და მისი ცენტრისტული კოალიციის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო რამდენიმე კვირაში აღმოსავლეთ გერმანიაში მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნები გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიას, ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), პირველად აქვს შანსი, ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ხელისუფლება დამოუკიდებლად მოიპოვოს. ამჟამად AfD ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაცაა.
„ყველა საკადრო გადაწყვეტილება, რომლის გამოცხადებაც დღეს შემიძლია, ერთი პრინციპით არის ნაკარნახევი – გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა“, – განაცხადა მერცმა ბერლინში, კანცელარიის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ცვლილებებს მკაფიო მიზანი აქვს.
„გვინდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც იმუშავებს უდიდესი ენთუზიაზმითა და მოტივაციით, ამავდროულად კი ასახავს ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური სივრცის მრავალფეროვნებას. ჩვენ რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობა ვართ და ამის დამტკიცებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კანცლერმა.
როგორც POLITICO წერს, მერცს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უმაღლეს თანამდებობებზე ძირითადად მამაკაცებს ნიშნავდა. ახლა კი მან კანცელარიის ხელმძღვანელად ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ნინა ვარკენი წარადგინა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც კანცელარიის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.
კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტი გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობად ითვლება, რადგან სწორედ ის კოორდინაციას უწევს კანცლერსა და სამინისტროებს შორის ურთიერთობას, ასევე მუშაობს პარლამენტარებთან და ფედერალურ მიწებთან პოლიტიკურ შეთანხმებებზე.
მინისტრთა კაბინეტის გადახალისებით მერცი ცდილობს სექტემბერში დაგეგმილი რეგიონული არჩევნების წინ პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალოს. გამოკითხვების თანახმად, 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტში AfD-ს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების რეალური შანსი აქვს, ხოლო იმავე თვის ბოლოს მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინშიც ძლიერი შედეგის ჩვენებას ელოდებიან, წერს POLITICO.
ულტრამემარჯვენეების მზარდი მხარდაჭერის შესაჩერებლად მერცი ამ შემოდგომაზე პარლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის, მათ შორის საპენსიო სისტემის ცვლილებების, გატანას გეგმავს. მთავრობის გათვლით, ეს ამომრჩეველს დაანახვებს, რომ ქვეყნის მართვის ეფექტიან ალტერნატივად კვლავ პოლიტიკური ცენტრი რჩება.
მერცის პარტიის გენერალური მდივანი კარსტენ ლინემანი ნინა ვარკენის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. მას წლის ბოლომდე ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პარლამენტში გატარება დაევალება.
თუმცა, პოლიტიკურ წრეებში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ლინემანის პოლიტიკური მომავლის დაზღვევის მცდელობაცაა იმ შემთხვევაში, თუ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ სექტემბრის რეგიონულ არჩევნებში არასახარბიელო შედეგს მიიღებს.
