უნგრეთის პროდასავლური მთავრობის პოპულარობა პირველად შემცირდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მხარდაჭერაზე უარყოფითად იმოქმედა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ივლისში ჩატარებული ორგანიზაცია Median-ის გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მხარდამჭერი პარტია „ტისა“-ს მხარდაჭერა მაისში დაფიქსირებული 61%-დან 57%-მდე შემცირდა, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ეროვნულ-კონსერვატიული პარტიის „ფიდესის“ რეიტინგი 19%-მდე გაიზარდა. სხვა კვლევის თანახმად კი, იმ მოქალაქეთა წილი, რომლებიც მადიარს პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნევენ, იმავე პერიოდში 72%-დან 62%-მდე შემცირდა.
ანალიტიკოსები რეიტინგის კლებას ე.წ. „იუდიტ პოლგარის საქმეს“ უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტამაშ შულიოკი თანამდებობიდან გადააყენეს, მადიარმა პრეზიდენტობის კანდიდატად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭადრაკე, იუდიტ პოლგარი წარადგინა. თუმცა პოლგარმა შეთავაზებაზე საჯაროდ უარი განაცხადა და განაცხადა, რომ გაყოფილი ერის გასაერთიანებლად საჭირო ძალა არ ჰქონდა.
უკმაყოფილება თავად კანდიდატის შერჩევის პროცესმაც გამოიწვია. მადიარი 2025 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარებას ემხრობოდა და პირობას დებდა, რომ დაასრულებდა „ფიდესის“ პერიოდში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც, მისი თქმით, პრეზიდენტებს „პარტიის კულისებში შერჩეული სანდო თანამოაზრეებიდან“ არჩევდნენ. თუმცა პოლგარის კანდიდატურა მან საზოგადოების ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნულად წარადგინა.
Median-ის მონაცემებით, უნგრელთა ორი მესამედი, მათ შორის „ტისა“-ს მხარდამჭერთა 60%, უკმაყოფილო იყო იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები არ მონაწილეობდნენ. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 33% მიიჩნევდა პოლგარს პრეზიდენტობის შესაფერის კანდიდატად.
