უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გვიან ღამით პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა.
„გასულ ღამეს რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ Kh-101-მა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რაც ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევას ნიშნავს. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს“, – დაწერა სიბიგამ.
როგორც უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, გასულ ღამეს რუსეთმა საერთო ჯამში უკრაინის მიმართულებით 74 რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო. გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინა დრონებითაც დაბომბა.
„საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 74 რაკეტა, რომელთა დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო, ასევე ასობით დრონი. ომის დამნაშავე პუტინი აგრძელებს ომს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლზე პირდაპირი სარაკეტო დარტყმის შედეგად მშობლები და მათი სამი შვილი დაიღუპა. ნანგრევებიდან კიდევ ორი ცოცხალი ბავშვის ამოყვანა მოხერხდა. კიდევ ერთმა რაკეტამ ლვოვში საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა. დაზიანდა ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლაც. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, – დასძინა სიბიგამ.
მისი განცხადებით, მსხვერპლია კიევში, პოლტავის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცის, ჩერკასის ოლქებსა და სხვა რეგიონებში. ამ თავდასხმის შედეგად ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.
„პუტინის ტერორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინისა და მთლიანად ევროპის ბალისტიკური თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა. უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, ხოლო დამატებითი რაკეტების მიწოდების შესახებ არსებული ყველა შეთანხმება უმოკლეს ვადაში უნდა შესრულდეს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
