რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის დროს დღეს დილით პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო ობიექტი ჩამოვარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 10-მეტრიანი კრატერი და ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ნატოს საჰაერო სივრცე რუსულმა Kh-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ხუთშაბათს დილით შემთხვევის ადგილზე ჩავიდა, ეს შეფასება ფაქტობრივად დაადასტურა.
„ჩვენ მზად ვიყავით, რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ის ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო“, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და 03:40 საათზე დაფიქსირდა. მისი იდენტიფიცირებისა და პოტენციური განადგურებისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებელი აფრინდა, თუმცა ექვსი წუთის შემდეგ ობიექტი რადარებიდან გაქრა და მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
მოგვიანებით Mi-24-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენმა სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი ლიუბლინის რეგიონში, უკრაინის საზღვართან მდებარე ტარნავა-კოლონიის მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე აღმოაჩინა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შესახებ მოსახლეობის შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა უახლოესი შენობებიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით, მინდორში კრატერი და ნამსხვრევები იპოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
