ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავში მიმდინარე კრიზისის ფონზე ევროკავშირმა საზღვრები უნდა დაიცვას.
ნაუსედა აცხადებს, რომ ევროსაბჭოს სხდომებზე ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა მკაფიო მიგრაციული პოლიტიკა შეიმუშავოს.
„საუბარია როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასა და აგრესიულ მეზობლებთან ურთიერთობებზე, ასევე მიგრაციაზეც. ლიეტუვა ამ საკითხში იმის მაგალითია, როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა საკუთარი საზღვრების უსაფრთხოებას, თუმცა ბოლო წლებში ჩვენც განვიცადეთ მნიშვნელოვანი დაძაბულობა, მაგრამ თავი გავართვით“, – განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ესპანეთის ანკლავში არსებული ვითარება ხელს უშლის ევროკავშირის შიდა სტაბილურობას, ეჭვქვეშ აყენებს შენგენის ზონის ფუნქციონირებას და საფუძველს ქმნის შიდა ბარიერებისა და საზღვრების გაჩენისთვის.
ლიეტუვას პრეზიდენტის აზრით, ეს ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის იდეას.
„ევროკავშირი არის ის, რაც, ჩემი რწმენით, გარედან კარგად უნდა იყოს დაცული და ამავდროულად კავშირის შიგნით არანაირი ბარიერები თუ შიდა საზღვრები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის, ესპანეთის უსაფრთხოების ძალების წინასწარი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში სეუტაში არალეგალურად 40 ათასზე მეტი მიგრანტი მოხვდა.
