გერმანული მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ფონზე ევროპაში ბირთვული შეკავების გაფართოების გეგმაზე მუშაობს.
როგორც სააგენტო DPA წერს, თუ უსაფრთხოების სფეროში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, შესაძლოა, ბირთვული იარაღი განთავსდეს, მათ შორის, პოლონეთში, ფინეთსა და ლიეტუვაში.
ნატო-ს გეგმები ეხება არა სტრატეგიულ, არამედ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების, აეროდრომების, პორტების, სამეთაურო პუნქტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებისთვის.
ასეთი საბრძოლო ქობინები სამიზნემდე ბომბდამშენი თვითმფრინავებით ან ფრთოსანი რაკეტებით მიაქვთ. მათი სიმძლავრე სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით ნაკლებია.
მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ DPA-სთან ინტერვიუში არ გამორიცხა ევროპაში დამატებითი ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობა. მიმდინარე განხილვების დეტალებზე კი კომენტარი არ გააკეთა.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვერავინ შეძლოს ჩვენზე ბირთვული დარტყმის განხორციელება საპასუხო რეაგირების გარეშე“, – აღნიშნა რუტემ.
