დასავლური სადაზვერვო წყაროები ვარაუდობენ, რომ მაროკომ ესპანეთის ექსკლავ სეუტაში დაახლოებით 60 ათასი მიგრანტის მოულოდნელ ნაკადს ხელი შეუწყო. ინფორმაცია The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა ესპანეთთან დიპლომატიური უთანხმოების ფონზე ერთგვარი ზეწოლის ან საპასუხო მოქმედების ნაწილი ყოფილიყო.
მაროკოს ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, უკმაყოფილო არიან ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის პოლიტიკით, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული შეთანხმებების გაფორმების მცდელობით ალჟირთან – ქვეყანასთან, რომელიც მაროკოს რეგიონული მეტოქეა.
როგორც გამოცემა იუწყება, მაროკოს ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯი წარსულშიც გადაუდგამს. 2021 წელს მადრიდთან დასავლეთ საჰარის სტატუსთან დაკავშირებული დავის შემდეგ, მაროკომ სეუტაში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი გაატარა, რასაც ესპანეთის პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილება მოჰყვა.
ხუთშაბათსა და პარასკევს სეუტაში ქაოსური 48 საათი იყო. მიგრანტები, მათ შორის მთელი ოჯახები, ზღვაში ცურვით, ღობეებზე გადაძრომითა და საზღვრის გარღვევით შედიოდნენ ესპანეთის ტერიტორიაზე. სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა – ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი საზღვრის დამცავ ბარიერებთან ჭყლეტას ემსხვერპლა.
მომხდარმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია. რამდენიმე ლიდერმა ესპანეთისთვის თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის შეზღუდვისა და საზღვრის კონტროლის დაწესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
ამასობაში, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ესპანეთის მემარცხენე მთავრობა მიგრაციასთან დაკავშირებით „სუსტი პოზიციის“ გამო გააკრიტიკა.
ესპანეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ვარაუდები, რომ მაროკო ხუთშაბათის მასობრივი გადასვლის უკან იდგა. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი რაბათს მადლობა გადაუხადა „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისთვის“.
სეუტაში გადასულმა რამდენიმე მიგრანტმა განაცხადა, რომ გზაზე მათ პოლიციის თანამშრომლები აქტიურად მოუწოდებდნენ ამ მარშრუტით ესარგებლათ.
ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გაჰყვნენ ესპანეთში შესვლის შესაძლებლობის შესახებ. საუბარი ეხებოდა ბოლოდროინდელ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც მიგრანტებს ზღვით შესვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივი გაძევების თავიდან აცილების შესაძლებლობა მისცა.
