მას ამის თქმა იმიტომ დაავალეს, რომ საქართველო დაეზიანებინათ, რომ საქართველო არის დამნაშავე მხარე – ასე გამოეყვანათ, – ასე შეაფასა გენერალ-მაიორმა დავით გულუამ გიორგი ბარამიძის განცხადება.
მისივე თქმით, ამ განცხადების მიზანია, რომ საქართველო იყოს მუდმივად წაგებულ მდგომარეობაში.
„ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი, მე მისი გონებრივი შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. ეს იყო მითითება, რათა საქართველო მუდმივად წაგებულ მდგომარეობაში იყოს. ეს [განცხადება] არის ქვეყნის წინააღმდეგ, აბა ვის წინააღმდეგაა?“, – აღნიშნა გულუამ.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.
ბარამიძის ამ განცხადების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
