რუსეთმა ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში კომპანია „ნოვა პოშტას“ საწყობი დაზიანდა. ასევე დაზიანდა საწარმო.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი დარტყმიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც ადგილზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობდა, იმავე ტერიტორიაზე რუსეთის ძალებმა კიდევ ორი დარტყმა განახორციელეს.
ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილობრივ მოსახლეობას ფანჯრების დახურვისა და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა, სულ მცირეს ათჯერ შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს, კერძოდ, ნიკოპოლისა და სინელნიკოვოს რაიონებს. დაზიანდა საწარმო, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილი. ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად კი დაზიანდა სავაჭრო ცენტრი.
