ბოლო 24 საათში კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიიდან 381 ადამიანის, მათ შორის 59 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამუშაოები ადგილზე კვლავ გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია დაახლოებით 50 საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ კიევის მახლობლად, სოფელ მილაში, რუსეთის თავდასხმის შედეგად საწყობი დაზიანდა, რასაც შემდგომი აფეთქება მოჰყვა. მისი თქმით, აფეთქებამ მიმდებარე ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„გუშინ საღამოდან კიევის მახლობლად, სოფელ მილაში რუსული დრონების თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შეიქმნა საკოორდინაციო ცენტრები, რომლებიც მოსახლეობას დახმარებას უწევენ. ყველა საჭირო სამსახური მობილიზებულია. ადგილზე მუშაობენ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი. დარტყმის შედეგად საწყობი დაზიანდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. სამწუხაროდ, მიმდებარე ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ასევე ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოვლის დაწესებულება. ამ დროისთვის დაღუპულად 27 ადამიანი ითვლება. მათ შორის არის დმიტრივკის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც ადამიანების გადარჩენას ცდილობდა.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ათობით ადამიანი დაშავდა. 370-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და პროცესი კვლავ გრძელდება. მოვისმინე პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშები. ისინი, ვინც ამის დაშვებაზე პასუხისმგებლები არიან, თავიანთ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა აგონ. ეროვნული პოლიციისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი დაუდევრობის მუხლით არის აღძრული. არსებობს შესაბამისი რეგულაციები, საბრძოლო მასალის შენახვა საცხოვრებელ სახლებთან ან სხვა საცხოვრებელ ტერიტორიებთან ახლოს დაუშვებელია. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები აუცილებლად გაკეთდება“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ღამით რუსეთის იერიში ქვეყნის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა, მათ შორის ოდესის, დნეპრის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხერსონის, ხარკოვის, მიკოლაევის, დონეცკისა და ჩერნიგოვის რეგიონებზე.
„კიევი პრაქტიკულად უწყვეტი იერიშების ქვეშ იყო. უკრაინა მსგავსი თავდასხმებისგან თავდაცვის გზების ძიებაში მარტო არ უნდა დარჩეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დამატებითი დახმარების პაკეტებითა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ნაბიჯებით გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
