იტალიის ჩრდილოეთში, რამდენიმე რაიონში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები.
მედიის ცნობით, ძლიერი ჭექა-ქუხილი, ტორნადო და სეტყვა კრემონის, მანტუის, ბერგამოსა და პავიის პროვინციებში დაფიქსირდა.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი, რამდენიმე მათგანს მძიმე მოტეხილობები აღენიშნება. დაზიანდა 10 ეკლესია, მათ შორის ქალაქის საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. დაზიანებულია ათობით სახლი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვამ ათასობით ავტომობილი დააზიანა.
ლომბარდიის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადებას გეგმავს.
აღნიშნულს გამოეხმაურნენ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისშიც. მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ვითარებას „ყურადღებით აკვირდება“.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ტორნადომ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ასობით სახლი დააზიანა. მანამდე ძლიერმა ჭექა-ქუხილმა ავსტრიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
