სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობა ფაქტობრივ პარტნიორობაზე მეტია. სომეხმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებს.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებიც მოკავშირეებად გვაქცევს. ეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე მეტია. ჩვენ ერთისა და იმავე ეკონომიკური ინტეგრაციის არეალში ვართ – ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ჩვენ ვართ დსთ-ის წევრები“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ ურთიერთობა გაყინა და ამის დარეგულირების პერსპექტივას ვერ ხედავს. მირზოიანის თქმით, პანიკის შექმნა საჭირო არ არის.
„ჩვენ არ გვსურს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ სომხეთსა და რუსეთს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ და გვჯერა, რომ ეს მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა. მალევე რუსეთმა სომხური საქონლის ნაწილის ქვეყანაში შეტანა დაბალი ხარისხის მიზეზით აკრძალა.
