ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, გასულ კვირას მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეპალში უკვე 987 დაღუპულია დადასტურებული, თითქმის 4 000 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ჩინეთში, ამ დროისთვის, 16 დაღუპულისა და 546 დაკარგულის შესახებ არის ინფორმაცია.
დაკარგულთა შორის დაახლოებით 800 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
რთული პირობებისა და არასტაბილური რელიეფის მიუხედავად, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.
სამძებრო ოპერაციაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობენ. ისინი წყალდიდობის შედეგად დარჩენილ შლამში, ქვებსა და ნანგრევებში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.
ზოგიერთ ადგილზე გზები განადგურებულია, რის გამოც დაზარალებულ ტერიტორიებთან მისვლა გართულებულია, წერს DW.
ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენა. ვარაუდობენ, რომ ისინი ჰიდროელექტროსადგურების 12 პროექტის გვირაბებში არიან ჩარჩენილი.
