სომხეთში ყოფილი ფინანსთა მინისტრი გაგიკ ხაჩატრიანი დააკავეს. ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ, არამ გრიგორიანმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული სასამართლო ავრცელებს.
დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა გამთენიისას დაკმაყოფილდა და მოსმენა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
გაგიკ ხაჩატრიანი პირველ სექტემბერს ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ის სასამართლოში საკაცით გადაიყვანეს წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობის განხილვაზე. მოგვიანებით გავრცელდა მისი სასამართლოში გადაყვანის კადრები.
გაგიკ ხაჩატრიანი 2008-2014 წლებში სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა, 2014 წელს კი სომხეთის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ფულის გათეთრების ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, გ.ხ.-ს და მისი შვილის ბინებში, ასევე მათთან აფილირებული დაახლოებით 21 კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში ჩატარდა სასწრაფო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
