ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი კულუარებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას მისი უწყების რეფორმირების შესახებ – იგი ცდილობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას და ახალ გენერალურ მდივანთან ერთად ალტერნატიულ რეფორმის გეგმაზე მუშაობს, – წერს გამოცემა POLITICO.
კალასის კამპანია მიზნად ისახავს ევროკავშირის მთავრობების დარწმუნებას იმაში, რომ ბლოკის საგარეო პოლიტიკური პრობლემები გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღების წესებიდან და ხელშეკრულებების ცუდი აღსრულებიდან გამომდინარეობს და არა არსებული ინსტიტუციური მოწყობილობიდან – იტყობინება სამი წყარო, რომლებიც მის გეგმებს იცნობენ.
ეს დაპირისპირება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც 15 წლის წინ შექმნილი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.
მიიჩნევენ, რომ უწყება ვეღარ პასუხობს დღევანდელ რეალობას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ქმედითუნარიანობას ერთდროულად რამდენიმე ფრონტი ცდის: რუსეთის აგრესია უკრაინაში, დონალდ ტრამპის პრეტენზიები ევროპისადმი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთის მკვეთრად აგრესიული პოლიტიკა.
ამასთან, ევროკომისია საგარეო ასპარეზზე პოზიციების გამყარებას ცდილობს, ხოლო ბერლინი, ევროკავშირის ახალი გრძელვადიანი ბიუჯეტის განხილვის პარალელურად, საოპერაციო ხარჯების შეკვეცას ითხოვს.
კალასის მხარდამჭერები შიშობენ, რომ რეფორმამ, რომელმაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა გაზარდოს, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს – ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას კიდევ უფრო მეტი ბერკეტი მიეცემა იმ სფეროს გასაკონტროლებლად, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი უძღვება.
ერთ-ერთმა დიპლომატმა, ფრანგულ-გერმანულ გეგმებზე საუბრისას, აღნიშნა: „მას [კალასს] მთელი ამ პროცესის გაჭიანურება სურს, რადგან არ უნდა, რომ ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს“. მეორემ კი დასძინა: „მას უბრალოდ სურს, რომ ეს ყველაფერი გაქრეს“.
ფრანგულ-გერმანული ინიციატივა, რომლის ტექსტსაც POLITICO გაეცნო, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) თანამშრომელთა უმეტესობის ევროკომისიაში გადაყვანას ითვალისწინებს. თუმცა დოკუმენტი ფორმალურად კალასის უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს, მისი მომხრეები შიშობენ, რომ ეს რეფორმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას საგარეო პოლიტიკის ბერკეტებს კიდევ უფრო განუმტკიცებს.
