სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9 პროცენტით გაიზარდა და 67.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2026 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 25.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.6 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე.
განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე – 23.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.8 პროცენტი.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 32.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.4 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 9.3 პროცენტით აღემატება.
2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.2 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 768.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 827.3 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 10.3 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 153.8 ლარით, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 944.9 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 622.8 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 918.9 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 972.3 ლარი.
2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.5 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა – 8.1 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 4.8 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5 პროცენტი), ვაჭრობა (18.0 პროცენტი), მშენებლობა (14.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.8 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.9 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.4 პროცენტიანი წილი ეჭირა.
2026 წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.3 და 9.1 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (7.6 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
