რუსეთი დანიის მოქალაქეებს უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადგილობრივი თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ დივერსიების მოსამზადებლად იბირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (PET) კონტრდაზვერვის უფროსმა, ემილ გრეშოლმმა განაცხადა.
ადგილობრივ ტელეკომპანია TV2-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამჟამად რუსული სპეცსამსახურები აქტიურად გეგმავენ დივერსიულ ოპერაციებს დანიის თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ.
დანიური დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სოციალური ქსელებისა და სათამაშო პლატფორმების მეშვეობით ცდილობს დანიელების გადაბირებას ისეთი დავალებების შესასრულებლად, როგორებიცაა საწარმოებისა თუ ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ფოტო და ვიდეოგადაღება.
ეს მონაცემები შესაძლოა შემდგომი ტერაქტების საფუძველი გახდეს, გაუსვა ხაზი გრეშოლმმა.
„ეს არ არის უბრალოდ გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ჩვენ უკვე ვხედავთ დაგეგმვის ძალიან კონკრეტულ ეტაპს“, – დასძინა მან.
ამასთან დაკავშირებით, „ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“, რომ დანიის თავდაცვის მრეწველობამ „უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიიღოს საკუთარი თავის დასაცავად“, განუცხადა PET-ის ხელმძღვანელმა TV2-ს და დასძინა, რომ „ამ სექტორის წარმომადგენლები უკვე აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით“.
გრეშოლმის თქმით, მოსკოვი მთელი ევროპის მასშტაბით გეგმავს და ახორციელებს დივერსიებს თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ.
