„ნაციონალური მოძრაობა“ როცა გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს და ტრაგედიებით სპეკულირებს, ეს აჩვენებს, რომ „ნაცობა“ ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობაა. როგორც სვავი ვერ გადაეჩვება სისხლის სმას, ასე „ნაცი“ ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მწამებლური სისტემა ჰქონდა შექმნილი და ახლა ამ სისტემის წარმომადგენლები ადამიანების უფლებებზე საუბრობენ.
„ტრაგიკომედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იმ პროკურატურას მიმართავს, რომელიც ჩვენი გუნდის ძალისხმევით გაჯანსაღებულია. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მწამებლური სისტემა ჰქონდა შექმნილი და ახლა ამ სისტემის წარმომადგენლები ადამიანების უფლებებზე საუბრობენ. მეგის ქარდავა ან ახალაიები რომ ადამიანის უფლებებზე დაიწყებენ საუბარს, რა უნდა ვთქვათ? მაღალი პიედესტალიდან მაღალ მატერიებზე მათი ახლობლებიც რომ გვესაუბრებიან, ეს მათივე ტრაგიკულ მდგომარეობას უსვამს ხაზს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, ვინმე თუ უნდა დაკითხოთ გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი“.
