საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შუა დერეფანში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან გეგმებზე ისაუბრა.
„საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო – განახევრდეს.
ჩვენ ამ შესაძლებლობის ასათვისებლად გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და განხორციელდა შესაბამისი ინვესტიციებიც – მხოლოდ მიმდინარე წელს რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, ასევე დასრულებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 75%-ის მშენებლობა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზეც და 2026 წელს ქვეყანას რეკორდული დინამიკა აქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებებით.
„საზღვაო სექტორში ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით გაციფრულდა და კიდევ უფრო გამარტივდა ნავსადგურებში გემების მომსახურების პროცედურები.
მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ანაკლიის ნავსადგურს Landlord Port Model-ის საფუძველზე განვავითარებთ, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად სტრატეგიულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი – ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. ეს მიდგომა აბალანსებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებსა და კერძო სექტორის მონაწილეობას, ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას. საქართველოს მთავრობის მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი, ამისთვის კი მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დიდწილად დამოკიდებულია ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სისტემების ეფექტიან დაკავშირებაზე. ასეთი თანამშრომლობის კარგ მაგალითად პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.
„ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება. ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.
მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმს სახელწოდებით „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“ ბათუმი 7-8 სექტემბერს უმასპინძლებს. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.



















