ევროკომისიამ განაახლა მუშაობა იმ ვარიანტებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
რუსეთის აქტივების გამოყენების წინა მცდელობა ბელგიამ დაბლოკა. სწორედ ბელგიაშია თავმოყრილი დასავლეთში გაყინული რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების უდიდესი ნაწილი. ბელგიის მთავრობა და მისი მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ მოსკოვის მხრიდან შესაძლო სამართლებრივი საპასუხო ზომების შემთხვევაში, რისკების გადანაწილების საკმარისი გარანტიები არ არსებობდა.
თუმცა, უკრაინის თავდაცვის ხარჯების ზრდის ფონზე, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკომისიამ გაყინული აქტივების გამოყენების ისეთი ვარიანტების შემუშავება განაახლა, რომლებიც შესაძლოა ბელგიისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდეს. ამის შესახებ დისკუსიებთან დაახლოებულმა ორმა პირმა Financial Times-ს განუცხადა.
გამოცემის ცნობით, გასულ თვეში შვედეთმა გაყინული აქტივების გამოყენების საკითხის ხელახლა განხილვისკენ მოუწოდა. ევროკავშირის ფინანსურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნები ამჟამად ბლოკის 2028-2034 წლების ბიუჯეტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სტოკჰოლმის პოზიციით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებამ შესაძლოა უკრაინის დაფინანსების დეფიციტი შეავსოს ისე, რომ წევრ ქვეყნებს დამატებითი ფინანსური ტვირთი არ დააწვეთ.
უკრაინული მხარის მტკიცებით, ქვეყანას წელს 27 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების დეფიციტი აქვს, ხოლო მომავალ წელს ეს დანაკლისი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ეს შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდს ან სხვა საერთაშორისო დონორებს ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
ევროკავშირი უკრაინის ამ საჭიროებების დიდი ნაწილის დასაფარად მიმდინარე და მომდევნო წლისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს. სესხი უკრაინის სავარაუდო ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორ მესამედს უნდა ფარავდეს. ამ დროისთვის კიევისთვის მხოლოდ 12 მილიარდი ევროა გაცემული.
ევროპის დედაქალაქებში აცნობიერებენ, რომ უკრაინას თავდაცვის ძალისხმევის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსური რესურსი დასჭირდება.
ევროკავშირის ოფიციალური პირები, თუმცა, აფრთხილებენ, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ახალი მიდგომის შესახებ საჭირო კონსენსუსის მიღწევა ჯერ კიდევ შორსაა.
„ამჟამად ახალი ვარიანტები არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ, რა გზები შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ბელგიის მთავრობის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნის პოზიცია „არ შეცვლილა“.
„გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა წინადადებამ უნდა უზრუნველყოს სრული და სამართლებრივად მყარი გადაწყვეტა, რომელიც მოიცავს როგორც თავად აქტივებს, ისე Euroclear-ისა და ბელგიის სახელმწიფოს ვალდებულებებს“, – განაცხადა მან.
როგორც Financial Times-ი წერს, რუსეთმა Euroclear-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. Euroclear-ი არის ბრიუსელში დაფუძნებული ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი, სადაც გაყინული რუსული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია განთავსებული.
რუსეთის სასამართლომ ივლისში ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Euroclear-ს რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის გაყინული აქტივების გამო 18,2 ტრილიონი რუბლის, დაახლოებით 200 მილიარდი ევროს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობით აღიარებული არ არის, რუსეთმა შესაძლოა მისი აღსრულება მოსკოვისთვის მეგობრულ სხვა იურისდიქციებში Euroclear-ის აქტივების დაყადაღების გზით სცადოს.
