იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
„ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელისა და ბრძოლების პირობებში და ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენ მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება“, – განაცხადა პატრიარქმა.
მართლმადიდებელ ეკლესიას წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მძიმე მარხვა აქვს დაწესებული. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც იესო ქრისტეს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, თავი მეფე ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.
