საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს უწყების მიერ გაწეული სამუშაო და ხაზი გაუსვეს შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრების პროცესში მიღწეულ პოზიტიურ დინამიკას.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით ჯამში 7 111 ღონიძიება გატარდა, რაც უწყების საზედამხედველო მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.
შრომის უსაფრთხოების კუთხით ჩატარდა 4 312 ინსპექტირება, შემოწმდა 2 045 ობიექტი და საზედამხედველო ღონისძიებები 41 910-მდე დასაქმებულს შეეხო. გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაიცა 24 690 მითითება. წინა წელთან შედარებით, ინსპექტირებათა რაოდენობა 1,4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ორჯერ იმატა იმ კომპანიების რიცხვმა, რომლებმაც პირველადი ინსპექტირებისას გაცემული მითითებები სრულად შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით შემცირდა.
შრომითი უფლებების ზედამხედველობის კუთხით გატარებულმა 2 799-მა ღონისძიებამ 35 000-მდე დასაქმებული მოიცვა. დარღვევებზე რეაგირების ფარგლებში გაიცა 3 658 მითითება და შედგა 1 095 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას, დისკრიმინაციული ფაქტები დადგინდა 70 სუბიექტის მიმართ, როგორც უშუალოდ შრომით ურთიერთობებში, ისე ვაკანსიების გამოქვეყნების ეტაპზე.
ანგარიშში ასევე დეტალურად შეფასდა სხვა საკითხებიც:
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩატარდა 224 ინსპექტირება, რომელთა ფარგლებში პირველადად შემოწმდა 188 ადგილობრივი დამსაქმებელი. ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების შუამავლობაში ჩართული კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ჩატარდა 19 მონიტორინგი.
არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით გამოვლინდა დარღვევები 16 სამუშაო ადგილზე, რაც შეეხებოდა 26 არასრულწლოვანს.
სამედიცინო სექტორში, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების კონტროლის მიზნით, ჩატარდა 321 გეგმური ინსპექტირება.
გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების კუთხით, ჩატარდა 3 824 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 35 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
