11 სექტემბერი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღეა, თუმცა ბოროტებამ ვერ გაიმარჯვა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტერაქტმა ამერიკელებს დიდი ტრავმა დაუტოვა და დღესაც კი, როდესაც მათ თვითმფრინავის ხმა ესმით, თავდასხმა ახსენდებათ. ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს.
„ამ მზაკვრულმა და ლაჩრულმა თავდასხმებმა ისე შეცვალა ამერიკა, რომ იმ დღეს თვითმფრინავების ხმაც კი სულს გიძრავს. თუმცა ამერიკა ისე არ შეცვლილა, როგორც ამას ლაჩრები იმედოვნებდნენ; პირიქით, მათმა თავდასხმებმა მილიონობით ადამიანს უბიძგა, წინ წასულიყვნენ. 2001 წლის 11 სექტემბერი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე იყო, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ბოროტებას არ ეკუთვნის. ასე არც წარსულში ყოფილა და არც მომავალში იქნება“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ამასთან, ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ შტატებში ჯარში გაწევრიანების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ჩვენ ვიბრძოდით უცხოეთში გამართულ ომებში; ეს იყო თავგანწირვის, სიმამაცის, უანგარობისა და სიმტკიცის თაობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტები უნაკლო არ ყოფილა, ისინი ჩვენი საპასუხო ქმედება, ჩვენი შურისძიება იყო“.
ჰეგსეტმა ასევე არაერთხელ ახსენა ის, რასაც მან აშშ-ისთვის „ისლამისტური საფრთხე“ უწოდა – ბრძოლა, რომელიც, მისი თქმით, დღესაც გრძელდება.
„ჯერ კიდევ არსებობენ მტრები, რომლებსაც ჩვენი სიძულვილი ამოძრავებთ. მტრები ყოველდღიურად გეგმავენ ჩვენი ძლიერების შესუსტებასა და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას; მათ შორის არიან როგორც საზღვარგარეთ, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედი ისლამისტი ტერორისტები, თუმცა ჩვენ მუდმივად ფხიზლად ვართ, განსაკუთრებით აქ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ გავანადგურეთ ტერორიზმის ყველაზე აქტიური სახელმწიფო სპონსორი მსოფლიოში. ჩვენი მეომრები ებრძოდნენ ისლამურ თეოკრატიას, რომელსაც თითქმის ნახევარი საუკუნეა, ჩვენი განადგურება სურს“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
