ტაილანდის პოლიციამ „ვატ ფუტაისავანის“ ბუდისტური მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ტაძრის შემოწირულებებისა და შემოსავლების მითვისების ბრალდებით დააკავა.
BBC-ის ცნობით, წინამძღვარ ფრა ვაჩირაიან ვი-ს მიერ მიყენებული ფინანსური ზარალი 92–100 მილიონ ბატად (დაახლოებით 3 მილიონ დოლარად) არის შეფასებული. დაკავებისთანავე მას ბერის სტატუსი ჩამოართვეს და ახლა იგი სასამართლოს წინაშე რიგითი მოქალაქის სტატუსით წარდგება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფრა ვაჩირაიან ვი სულ მცირე ორი წლის განმავლობაში სისტემატურად ითვისებდა შემოწირულებებს, ასევე – ბუდისტური ამულეტებისა და სხვა წმინდა საგნების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს.
გარდა ამისა, მონასტრის წინამძღვარს სექსუალური კავშირი ჰქონდა 47 წლის პუნიავი რუნგრუანგთან. მის სახლში აღმოაჩინეს ამ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. გამომძიებელთა ინფორმაციით, პუნიავი რუნგრუანგი წინამძღვრის თანამზრახველი იყო და მას უკანონო გზით მიღებული თანხების გათეთრებაში ეხმარებოდა.
ყოფილი წინამძღვრისა და მისი თანამზრახველის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, სამკაულები და მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღმოჩენილი აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით 6,4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
დაკავებულია ქალიც, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულში ხელშეწყობა და თანხების მითვისება. ის სასამართლო განხილვას ელოდება. სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ წყვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებში შესაძლოა კიდევ ორი ან სამი პირი იყოს ჩართული.
