საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
როგორც მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი, ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი, არასამთავრობოები, ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას და მიგრაციას, შესაბამისად, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მართული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“.
„რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა განაცხადა, რომ კანდიდატ ქვეყნებს „ეკრძალებათ“ ურთიერთობა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, ამ შეტყობინების გავრცობა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით „დიფ სთეითის“ აგენტურას ბრიუსელის მიღმაც დაევალა.
დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული:
* დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი – ესაა პროქსიომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და უკრაინა გამოყენებულ იქნა სატელიტ სახელმწიფოდ. ამასთანავე, მხოლოდ იგი ცდილობს ამ ომის დასრულებას;
* ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი – მათ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიჰყავთ;
* ამხილა NGO ორგანიზაციები, მათ შორის დახურა USAID და NED. ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებს აფინანსებდნენ;
* ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას;
* ეწინააღმდეგება უკონტროლო მიგრაციას.
ჩამოთვლილთაგან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაფერი არ ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა – ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები – ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“, – წერს ლევან მაჭავარიანი.
