რუსეთმა გვიან ღამით კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, იუწყება უკრაინული მედია.
თავდასხმის შედეგად აგრეთვე დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება და რამდენიმე სხვა ობიექტი.
კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათიდან ისმოდა. მოგვიანებით, დაახლოებით 02:13 საათზე, რუსეთის ძალებმა დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს.
საჰაერო განგაში უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში გამოცხადდა, მათ შორის მცირე ხნით ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში, ლვოვის ოლქშიც.
რუსეთის დარტყმის შედეგად კიევის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მცირე ხანძარიც გაჩნდა, თუმცა მაშველებმა მისი ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჰოლოსიივსკის რაიონში მდებარე უმაღლესი სასწავლებლის ოთხსართულიან შენობას ფასადი და ფანჯრები დაუზიანდა.
კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, რომელიც დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს, ხანძარი კერძო ტერიტორიაზეც გაჩნდა. დაზიანდა დამხმარე ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ნახევრადმისაბმელები და ავტომობილი.
კიევის ოლქის ფასტივის რაიონში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ინფრასტრუქტურა. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.
რუსეთმა სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაზეც. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე სხვა შენობა.
