აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ტრამპის მტკიცებით, აშშ-ს სამუდამოდ ექნება გარანტირებული გრენლანდიის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ისე, რომ არავითარი ხარჯის გაწევა არ მოუწევს.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს და სრულად აგვარებს ყველა იმ მრავალ პრობლემას, რომელიც აშშ-ს აწუხებდა. ეს შეერთებულ შტატებს არანაირი ხარჯი არ დაუჯდება!
ჩემი დავალებით, ჩვენ ვიმუშავეთ დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ შეერთებულ შტატებს სამუდამოდ ექნება სრული შესაძლებლობა, გრენლანდიაში განახორციელოს ყველა აუცილებელი მოქმედება გრენლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად, – დაწერა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამიერიდან ამერიკის არცერთ მოწინააღმდეგეს ვაშინგტონის თანხმობის გარეშე გრენლანდიაზე ბაზის განთავსების უფლება არ ექნება.
„ამიერიდან ამერიკის არცერთ მოწინააღმდეგეს აღარ ექნება უფლება, გრენლანდიაზე განათავსოს ბაზა, ჰქონდეს სამხედრო წარმომადგენლობა ან გრენლანდიაში განახორციელოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენი მკაფიო წერილობითი თანხმობის გარეშე.
100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტებმა იცოდნენ გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება. ვამაყობ, რომ სწორედ მე ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საბოლოოდ და შეუქცევადად მოაგვარა. ეს არის „უსასრულო სიცოცხლის“ შეთანხმება. მას დასასრული არ აქვს!“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განმარტებით, ამერიკული მხარე დაუყოვნებლივ დაიწყებს გრენლანდიაზე სამხედრო წარმომადგენლობის განვითარების პროცესს.
„ჩვენთვის დიდი პატივია და სიამაყეა ის, რაც ახლა მოხდა და ამერიკელი ხალხი დააფასებს ყველაფერს, რაზეც დღეს შევთანხმდით. დაუყოვნებლივ დავიწყებთ შესაბამის ნაწილში გრენლანდიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წარმომადგენლობის განვითარების პროცესს, რადგან კუნძულზე ამისთვის არაერთი შესაფერისი ადგილია. მისი განვითარებისა და მშენებლობისთვის გრენლანდიის მოსახლეობასთან ერთად ვიმუშავებთ.
ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დანიისთვის, გრენლანდიისთვის და ყველა ჩვენი მოკავშირისთვის. მოუთმენლად ველით დანიისა და გრენლანდიის შესანიშნავ ხალხთან თანამშრომლობას, რათა ამ დიდი და უაღრესად სტრატეგიული ტერიტორიისთვის ბრწყინვალე მომავალი შევქმნათ. ჩვენ მას ძალიან გავუფრთხილდებით! ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ოცნების ასრულებაა. ეს არის მოვლენა, რომელიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებულია“, – დაწერა მან.
